საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს და მმართველი გუნდის 9-წლიან მმართველობას აკრიტიკებს.
ფადი ასლი ქართული ოცნების მმართველობას, ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მმართველობას ადარებს და ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ქვეყანა უკან წაწია. მას ბოლო წლების განმავლობაში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, გაზრდილი მიგრაცია და ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც მოჰყავს მაგალითად.
ფადი ასლი აგრეთვე, ბოლო პერიოდის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მკვლელობებსაც იხსენებს და ამბობს, რომ ქვეყანაში მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს.
ფორმულა ფადი ასლის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"თვალყურს ვადევნებ რა ქვეყანაში შექმნილ შემაძრწუნებელ მდგომარეობას და ჩამაფიქრა რა ქვეყნის ძალიან საშიშმა პერსპექტივებმა, თავს ვალდებულად მივიჩნევ გულწრფელი წერილი მოგწეროთ; ეს ჩემი ვალია თქვენს წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩემი სინდისის წინაშე.
საქართველო, რომელიც რამდენიმე წლის წინ ცვლილებების, რეფორმებისა და პროგრესის მისაბაძი მაგალითი და შუქურა იყო, პოსტ-საბჭოთა დროის ბუნდოვან და წარუმატებელ რესპუბლიკას ემსგავსება.
კრიმინალმა შევარდნაძის დროინდელ ნიშნულს მიაღწია; დღე არ გავა, რომ ვიღაც არ მოკლან ან დაჭრან. მხოლოდ ბოლო სამ თვეში, ხუთი უცხოელი მოკლეს; ხალხი თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს და ზოგიერთ უბანში ღამით სიარულიც კი საშიში გახდა.
ეკონომიკა ნაწილებად დაიშალა; საქართველოს მშპ დოლარში 2012 წლის ნიშნულამდე დაეცა; ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან 9 წლის შემდეგ ქვეყანას იმაზე მეტი დოვლათი არ შეუქმნია, ვიდრე წინა მთავრობისგან მიიღეთ.
ამასობაში ამავე პერიოდში, ეროვნულმა ვალუტამ მისი ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა და ინფლაციამ უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია, რაც მოსახლეობის უფრო დიდ ნაწილს სიღარიბისკენ მიაქანებს. მხოლოდ ბოლო 2 წელიწადში, ასობით ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ე.წ „გრინფილდ“ ინვესტიციები აღარ არსებობს და არც ერთ სერიოზულ უცხოელ ინვესტორს არ მოუნდება საქართველოსთან დაახლოება.
ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის პერიოდი უდაოდ ყველაზე უარესია საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე უცხოელი ინვესტორებისთვის. ვერც კი ჩამოვთვლი რამდენი უცხოელი ინვესტორი იქნა შევიწროებული, მოტყუებული და რეკეტირებული თქვენი მთავრობის მიერ ან უბრალოდ ქვეყნიდან გაძევებული თქვენი უსაფრთხოების სამსახურის მიერ უსაფუძვლოდ გაუქმებული ბინადრობის მოწმობების საფუძველზე; აღარ ვახსენებ რიცხვს იმ უცხოელი ინვესტორებისა, რომლებსაც სასამართლოები სისტემატურად ატყუებდნენ თქვენი მთავრობის ინსტრუქტაჟით ან უფრო უარესი, კანონის წინაშე სრულიად დაუცველნი აღმოჩდნენ, რათა გამხდარიყვნენ მსხვერპლნი ზოგიერთი იმ ინდივიდისა, რომლებიც თქვენს მთავრობას არ სურს გაანაწყენოს, რომ შემდგომ ხმები არ დაკარგოს.
უცხოელი ინვესტორების მიმართ თქვენი ქსენოფობიური პოლიტიკისა და მათდამი თქვენი მხრიდან საშინელი მოპყრობის გამო, თქვენი 9-წლიანი მმართველობის პერიოდში საქართველოს, როგორც უცხოელებისადმი კეთილგანწყობილისა და სტუმართმოყვარე ქვეყნის ათასწლოვანი რეპუტაცია გაანადგურეთ და აქციეთ სხვა არაფრად თუ არა მითად.
იმ წუთიდან, რაც ხელისუფლებაში მოხვედით, თქვენ გაანადგურეთ ყველა ის ბიზნესი, რომელიც წინა მთავრობასთან იყო ასოცირებული, ამან კი ათასობით ადამიანის უმუშევრობა და ეკონომიკაზე დარტყმა გამოიწვია. ყოფილ ჩინოვნიკებს ბრალი ხელოვნურად შექმნილი ბრალდებების საფუძველზე წაუყენეთ და აიძულეთ ქვეყნიდან გაქცევა.
მილიარდობით დოლარი ისესხეთ და ქვეყანა ვალებში ჩაძირეთ იმ სტერილური და უსარგებლო სოციალური პროგრამის დაფინანსებით, რომელთა უმეტესობაც წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ერთი მიზანი ჰქონდა, რომ გესიამოვნებინათ მოსახლეობა და მათი მხარდაჭერა მოგეპოვებინათ, რათა ხელისუფლებაში დარჩენილიყავით, თუმცა ეს ყველაფერი ქართველების კეთილდღეობის ხარჯზე; ეს ყველაფერი ყველანაირი ანგარიშვალდებულების გარეშე, რადგანაც ამ უსარგებლო პროგრამების ფასს თქვენი მთავრობა კი არა, არამედ მომავალი მთავრობები გადაიხდიან.
სიღარიბემ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია და ქართველთა დიდი რაოდენობა ტოვებს ქვეყანას. 2014 - 2021 წლებში 800 ათასმა ქართველმა ამერიკულ მწვანე ბარათზე შეიტანა განაცხადი, რომ აღარ ვახსენოთ ის ათასობით ადამიანი, რომლებიც ევროპაში სამსახურის საძიებლად წავიდნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს საკუთარი ქვეყნის მომავლის აღარ სჯერა და რომ საქართველოში მალე მხოლოდ ბავშვები და მოხუცები დარჩებიან.
თქვენმა მთავრობამ სრულად მოისყიდა სასამართლო და პროკურატურა, ხოლო მოსამართლეები და პროკურორები თქვენი და თქვენი მხარდამჭერების ინტერესების გამტარებელ მორჩილ მონებად აქცია. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ მიიტაცეთ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის დიქტატურად აქციეთ.
თქვენი მთავრობის დროს, ნეპოტიზმმა ახალი სიმაღლეები დაიპყრო; ადმინისტრაციაში ათასობით გამოუსადეგარი თქვენი მხარდამჭერი ხალხი დაასაქმეთ, გადასახადების გადამხდელების ხარჯზე ხელოვნურად ქმნით სამუშაო ადგილებს, ეს კი სახელმწიფო ბიუჯეტს უდიდეს ტვირთად აწვება, თუმცა დარწმუნებულნი ხართ, რომ ეს ხალხი და მათი ოჯახის წევრები ყოველთვის მისცემს თქვენს პარტიას ხმას.
თქვენი მთავრობა ყოველდღე ატყუებს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ რაც ყველაზე უფრო საშიშია, თქვენც მოატყუეთ რამოდენიმე შემთხვევაში აშშ და ევროპის ადმინისტრაციები, ვალდებულებებისა და დაპირებების შეუსრულებლობით, ამით კი საქართველოს სანდოობა მინიმუმამდე დაიყვანეთ.
მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენი პოლიტიკა და ქმედებები წარმოადგენს ყველაფერ იმას, რასაც დასავლეთი და საერთაშორისო სავაჭრო პალატა ეწინააღმდეგება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თქვენი მთავრობა ყველაზე უარესია, რაც კი საქართველოს ათწლეულების მანძილზე ჰყოლია, შევარდნაძის მთავრობაზე უარესიც კი, რადგან თუ შევარდნაძემ ყველა მისი მცდელობის მიუხედავად ქვეყნის წინ წაყვანა ვერ შეძლო, სამაგიეროდ თქვენმა მთავრობამ ქვეყანა დრამატულად უკან დახია.
თქვენი კოლეგები ყოველდღიურად კვებავენ და ამწვავებენ პოლარიზაციას ქვეყანაში, განსაკუთრებით მინდა ვახსენო თქვენი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც ყოველი მისი გამოსვლით განხეთქილებას, უთანხმოებასა და სიძულვილს თესავს.
როგორც ყველა დიქტატორს სწამს მტკიცედ, თქვენი პარტიის ხელძღვანელობასაც ასევე სჯერა, რომ ხელისუფლებაში სამუდამოდ იქნება.
თქვენზე ბევრი წლით უფროსი ვარ და ვისწავლე, რომ ვერასდროს დადგებით იმაზე დაბლა ვიდრე სიმაღლეზე ყოფნისას და იმაზე მაღლა, ვიდრე ქვემოთ ყოფნისას. როდესაც მაღლა დგახართ, სამართლიანი უნდა იყოთ იმ ხალხის მიმართ, რომლებთანაც მოგიწევთ შეხვედრა გზად ზემოდან ქვემოთ.
მინდა შევეხო მესამე პრეზიდენტსაც, რომელიც ციხეში გამოკეტეთ. აქ არ განვიხილავ იმ საქმეებს, რომლებიც მის წინააღმდეგ არის აღძრული, ისტორიიდან მოგიყვანთ ერთ მაგალითს:
როდესაც ორლეანის ჰერცოგი 1498 წელს მეფე ლუი XII-დ აკურთხეს, მისმა თანამოაზრეებმა ორლეანის ჰერცოგობის პერიოდში მისი მტრების დასჯა სთხოვეს, მეფემ კი უპასუხა:
„საფრანგეთის მეფის მოვალეობა არ არის ორლეანის ჰერცოგის მტრების დასჯა მისი შეურაცხყოფისთვის“.
მეფე ლუი XII ისტორიაში დიდი კარიდან შევიდა და მისი პოლიტიკური სიმწიფით ემახსოვრებათ, განსხვავებით ივანიშვილისგან, რომელმაც ოქროს შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, რომ იგივე გაეკეთებინა, პირადი წყენა გვერდზე რომ გაეწია და შეეწყალებინა ყველა ის, ვინც მას ზიანი მიაყენა, მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის მშვიდობა მოეტანა.
ბ-ნ ივანიშვილი რომ ასე მოქცეულიყო, ისტორიულ ფიგურად იქცეოდა, ხოლო ჩვენი ქვეყანა ბალტიისპირეთის ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობის დონეს მიაღწევდა.
მეფე ლუი XII-ის მსგავს ხალხს ქვეყანა წინ მიჰყავს და საკუთარ ხალხს აერთიანებს.
ბ-ნ ივანიშვილის მსგავს ხალხს ქვეყანა უკან მიჰყავს და საკუთარ ხალხს ჰყოფს.
ყოველივე ამის შემდეგ, მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო თქვენი მთავრობის ყველა იმ საჯარო მოხელეს, ვინც თავდაუზოგადავ შრომობს ქვეყნის წინ წასაყვანად; რამოდენიმე მათგანს ვიცნობ, ისინი იმსახურებენ სრულ დაფასებასა და აღიარებას. თუმცა თქვენი მთავრობის დამახინჯებული პოლიტიკის გამო, დიდი ნიჩბებით თხრით იმ მცირედ სიკეთეებს, რომლებიც ამ ხალხმა გულმოდგინედ პაწაწინა კოვზებით ზიდეს და აშენეს.
თქვენი მთავრობის ლიდერებს კიდევ აქვთ უკანასკნელი შანსი მდგომარეობა გამოასწორონ, თავი გადაირჩინონ და ქვეყანაც გადაარჩინონ, ვიდრე ყველაფერი უკონტროლო გამხდარა. მხოლოდ დაუყოვნებლივ ეროვნულ შერიგებას შეუძლია შეაჩეროს საზოგადოების დეზინტეგრაცია, ძალადობა და ეკონომიკური კოლაფსი.
დაუყოვნებლივ გამოაცხადეთ საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია, გაათავისუფლეთ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მაშინაც კი თუ გწამთ, რომ ისინი დამნაშავეები არიან, ყოფილ მაღალჩინოსნებს მოუხსენით ბრალი, ხოლო დევნილ ყოფილ მაღალჩინოსნებს მიეცით ქვეყანაში დაუბრკოლებლად დაბრუნების საშუალება; ეს ამნისტია ასევე შეეხება თქვენს მთავრობას იმ დანაშაულებებისთვის, რომლებიც სავადაუდოდ ჩაიდინეთ თქვენი 9-წლიანი მმართველობის პერიოდში, შურისძიებისა და კონტრ-შურისძიების ეს დაუსრულებელი ციკლი შეწყდება და ყველა პარტია საბოლოოდ შეძლებს ერთობლივად ქვეყნის კონსტრუქციულად შენებას.
და ახლა თუ მე ამ წერილით შეურაცხყოფა მოგაყენეთ, შეურაცხყოფა მივაყენე ბ-ნ ივანიშვილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თქვენი პარტიის წევრებსა და თქვენს მხარდამჭერებს, არ მოგერიდოთ ჩემზე შურისძიება ისე, როგორც თქვენ ჩათვლით სწორად, გნებავთ ჩემი შევიწროვებით, ყალბი ბრალდებების საფუძველზე ჩემი დაკავებით, ქუჩაში ჩემი ცემით, ან ჩემი მოკვლით; გულწრფელად გითხრათ, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებს", - წერს ფადი ასლი.